ჯვაროსნული ომები




წინაპირობები

 

     XI საუკუნეში ვატიკანს გავლენის და ძალაუფლების კრიზისი შეექმნა. ევროპელ დიდებულებს შორის დაპირისპირებებში მღვდელთმთავრებიც აქტიურად ჩაერთნენ. თავადაზნაურობამ, მათი მხარდამჭერი ეპისკოპოსების გამოყენებით, ამა თუ იმ მღვდელთმთავრის პონტიფიკად აღიარების და კურთხევის პრეცენდეტები პოლიტიკური ინტრიგების იარაღად აქცია. 
           საღვთო რომის იმპერიის სასულიერო და საერო “ისტებლიშმენტი” ორად გაიყო: ტუსკულუმელთა და რეფორმატორთა ფრთად.

   პირველი  მათგანი  იმდროინდელ იტალიაში ყველაზე ძლიერ დიდდგვაროვანთა  კლანს  წარმოადგენდა. ისინი ყოფილი კონსულის, თეოფილაქტეს შთამომავალები იყვნენ და ტუსკულუმელ გრაფებად იწოდებოდნენ (Counts of Tusculum. (http://en.wikipedia.org/wiki/Counts_of_Tusculum).  სწორედ მათ შექმნეს ე.წ. “კეთილშობილ პაპთა ფორმულა” (formula of noble-papacy)  რომელიც წმინდა ქალაქში სასულიერო და საერო ძალაუფლების დუალიზმს  უშვებდა.  ოჯახის ერთი წევრი უმაღლესი სასულიერო პირი ხდებოდა, ხოლო მეორე საერო ლიდერი.  ამას გარდა ისინი პონტიფიკების რომის კეთილშობილი ოჯახებიდან არჩევის ტრადიციის მიმდევრები იყვნენ.

ჰილდებრანდ სოვანელი
     რეფორმატორებს ვატიკანის არქიდიაკვანი, ჰილდებრანდ სოვანელი (Hildebrand of Sovana) ლიდერობდა. ის კლიუნიური იდეოლოგიის აპოლოგეტი იყო, რომელიც სათავეს ბურგუნდიაში (საფრანგეთი) მდებარე კლიუნის სააბატოდან (Cluny Abbeyიღებდა (The Catholic encyclopedia.Congregation of Cluny. http://www.newadvent.org/cathen/04073a.htm).

კლიუნის სააბატო
      რეფორმატორთა მთავარ ამოცანას, საერო ხელისუფლებისა და არისტოკრატიის ვატიკანის საქმეებში ჩაურევლობა წარმოადგენდა. მათი დოქტრინის მიხედვით პაპის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ კარდინალებს უნდა ჰქონოდათ. ყველა სხვა, მათ შორის თავადაზნაურობა და თვით იმპერატორიც კი, მხოლოდ სტატისტის როლით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. მათ სხვა პრეტენზიებიც ჰქონდათ: გმობდნენ საეკლესიო თანამდებობების ყიდვა გაყიდვის (სიმონია) პრაქტიკას. ითხოვდნენ დაუქორწინებლობის წესისადმი დამორჩილებას (ცელიბატი, Celibacy),                                               ასკეტიზმს და ა.შ.
 პაპი ბენედიქტე X
         1058 წელს პაპი სტეფანე IX-ის გარდაცვალების შემდეგ რომის არისტოკრატიის ყველაზე ძლიერმა და გავლენიანმა ფრთამ, ტუსკულუნებმა, მათი ოჯახის წევრი, ველეტრის კარდინალ-ეპისკოპოსი იოანე მინციუსი (John Mincius, Bishop of Velletri) პაპად გაიყვანეს, რომელმაც ბენედიქტე X-ის სახელი მიიღო. 
ვატიკანის რეფორმატორთა ფრთისთვის ბენედიქტე X-ის პაპად კურთხევა ვატიკანსა და მთელ ევროპაზე გავლენის და ავტორიტეტის დაკარგვას მოასწავებდა. საჭირო იყო ახალი არჩევნების ჩატარება და არისტოკრატიის მიერ გაყვანილი პაპის ანტიპაპად გამოცხადება. ამ გეგმის განსახორციელებლად რეფორმატორებისთვის საჭირო იყო ტუსკულუნთა საგრაფოსთან დაპირისპირებული იმ დიდებულების მხარდაჭერა, რომელთა უკან სამხედრო ძალა იდგა.
                                    
                              ჰერცოგი გოტფრიდი                             პაპი ნიკოლოზ II
აგნესა დე პუატუ

         ჰილდებრანდმა დახმარებისთვის ქვემო ლოტარინგიის ჰერცოგ გოტფრიდს (Duke Godfrey of Lorraine) და საღვთო რომის იმპერიის რეგენტს, აგნესა დე პუატუს (Holy Roman Empress Agnes of Poitou) მიმართა. და მას შემდეგ, რაც ორივე მათგანისაგან მხარდაჭერა მიიღო, იმავე წლის დეკემერს, ტოსკანის ქალაქ სიენაში, საკუთარ მომხრეებს მოუყარა თავი. კარდინალთა შეკრებამ ფლორენციის ეპისკოპოსი გერჰარდ ბურგუნდიელი (Bishop of Florence Gerhard of Burgundy) პაპად აირჩია, რომელმაც ნიკოლოზ II-ის (Pope Nicholas II) სახელი მიიღო. 1959 წელს პაპმა ნიკოლოზ II-მ სუტრიში (Sutri)  სინოდის კრებაზე ბენედიქტე X გადააყენა და ეკლესიიდან განკვეთა.            ნიკოლოზ II  და  მისი მომხრეები იმავე წლის იანვარში რომს იკავებენ.  ანტიპაპი რომს ტოვებს და ტივოლის (რომიდან 24კმ. ჩრდილო აღმოსავლეთით) მახლობლად მდებარე პასერანოს ციხესიმაგრეს (Castello di Passerano) აფარებს თავს. მოგვიანებით კი კორსიკაზე გარბის და გალერიის გრაფი ჟერარდის (Count Gerard of Galéria)  მხარდაჭერით რევანშისათვის ემზადება.
პრინცი რიჩარდ I
რობერტ გვისკარი
         თავის  მხრივ,  საომარი მოქმედების წარმატებით დასრულების მიზნით, ჰილდებრანდი აპულიის ჰერცოგ რობერტ გვისკარს (Duke of Apulia Robert Guiscard)  ანტიპაპის წინააღმდეგ სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ აპულიის, კალაბრიის და სიცილიის სუვერენიტეტს ჰპირდება. ანალოგიური გარიგება იდება კაპუის პრინც რიჩარდთან (Richard  I Prince of Capua)
    თავდაპირველად  საომარი  მოქმედებები  გარდამავალი უპირატესობით  მიმდინარეობდა,  მაგრამ  რობერტ  გვისკარისა და კაპუის პრინცის რიჩარდ I-ის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ სასწორი ნიკოლოზ II-ის მომხრეებისკენ გადაიხარა. 1059 წლის აპრილში მათ ზედიზედ აიღეს პალესტრინა ((Palestrina), ფრასკატი (Frascati) და მეტანა (Mentana)  შემდეგ კი იერიში გალერიაზე (Galéria) მიიტანეს და ქალაქი ალყაში მოაქციეს. ანტიპაპამ კაპიტულაცია გამოაცხადა და ტყვედ ჩაბარდა.  მას გირაოს სანაცვლოდ უფლება მისცეს შინაპატიმრობაში ყოფილიყო საგვარეულო სასახლეში. 
       1060 წელს ჰილდებრანდის ინიციატივით, რომელიც ბენედიქტე X-ის მიმართ სრული უნდობლობით გამოირჩეოდა, ანტიპაპი საჯაროდ გაასამართლეს და წმინდა აგნესას ტაძარის გალავნის გარეთ“ (Basilica of Sant'Agnese fuori le mura) კუთვნილ ჰოსპისში დაატყვევეს, სადაც მოგვიანებით ის გარდაიცვალა (The Cardinals of the Holy Roman Church). 


        ტუსკულუმელთა და მათ  მხარდამჭერებთან  დრამატულ  დაპირისპირებაში წარმატების მიღწევის შემდეგ, რეფორმატორთა ჯგუფმა გულუხვად დაასაჩუქრა მათი მხარდამჭერი ნორმანები. 1059 წელს პაპმა ნიკოლოზ II-მ, ჰილდებრანდ სოვანელმა და კარდინალმა უმბერტომ რობერტ გვისკარს საზეიმოდ უბოძეს აპულიის, კალაბრიისა და სიცილიის ჰერცოგების ტიტული. ამას გარდა, გვისკარი სამხრეთ იტალიაში პაპის ვასალად დაინიშნა. ავერსას გრაფს რიჩარდ I-ს კაპუის სამთავრო ერგო წილად. რეფორმატორებმა ვატიკანს დაუქვემდებარეს მილანის კათედრალი. იმავე წელს პონტიფიკმა გამოსცა ახალი კანონი (პაპის ბულლა) - In nomine Domini  რომლის მიხედვითაც პაპს მხოლოდ კარდინალები აირჩევდნენ. 
ჰენრიხ IV
          1061  წელს  პაპი  ნიკოლოზ II  გარდაიცვალა. რეფორმატორთა ფრთამ  პონტიფიკოსის არჩევნები ახალი წესით ჩაატარა, რომელშიც მხოლოდ კარდინალები მონაწილეობდნენ. მათ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ჰენრიხ IV, რომელსაც პაპის ტახტზე საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა.  კარდინალთა კრებამ ახალ პაპად ლუკას ეპარქიის ეპისკოპოსი ანსელმო I აირჩია, რომელმაც პაპის რანგში ალექსანდრე II-ის სახელი მიიღო. ახალი პაპი ჰილდებრანდ სოვანელის მიმდევარი და მისი რეფორმატორული იდეების აქტიური მხარდამჭერი იყო. 
            რეფორმატორთა საპასუხოდ ჰენრიხ IV-მ ბაზელში მისი მომხრე გერმანელი ეპისკოპოსები შეკრიბა. ეპისკოპოსთა კრებამ, იმპერატორის მოთხოვნით, პონტიფიკოსად ანტიპაპა ჰონორიუს II (გერმანული წარმოშობის პარმელი ეპისკოპოსი) აკურთხა.
სანტა მარია მაჯორე
    დაძაბულობამ  ორ  დაპირისპირებულ  ბანაკს  შორის კულმინაციას ჰილდებრანდ სოვანელის პონტიფიკოსად გახდომის შემდეგ მიაღწია. 1075 წლის 25 დეკემბერს ჰილდებრანდ სოვანელი, პაპის, გრიგოლ VII-ის რანგში, სააღდგომო მესის ჩატარების დროს, სანტა მარია მაჯორეს ტაძრიდან (Basilica di Santa Maria Maggiore) გაიტაცეს. პაპი მრევლმა და რომის მოსახლეობამ ტყვეობიდან გამოიხსნა. 
         იმავე წელს იმპერატორმა საქსონიაში აჯანყება ჩაახშო. წარმატებული სამხედრო კამპანიის შემდეგ ჰენრიხ IV-მ გადამწყვეტი იერიში მიიტანა რეფორმატორებზე. 1076 წლის 24 იანვარს ვორმსში გამართულ სინოდის კრებაზე, რომელსაც 24 გერმანელი ეპისკოპოსი და თავადაზნაურობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ჰენრიხ IV-მ პაპი გრიგოლ VII გადაყენებულად გამოაცხადა. 
    ერთი თვის თავზე, 22 თებერვალს,  ჰილდებრანდმა წმინდა იოანეს ბაზელიკაში (Papal Archbasilica of St. John Lateran) შეკრებილ სინოდის სხდომაზეAჰენრიხ IV იმპერატორის ტახტიდან გადააყენა და ეკლესიიდან განკვეთა. სინოდმა აგრეთვე განკვეთა ყველა ის ეპისკოპოსი, რომლებმაც ვორმსის კრებაზე ჰენრიხ IV-ს მხარი დაუჭირეს.
        ბრძოლა დაპირისპირებულ მხარეებს შორის სულ უფრო და უფრო მძაფრ ხასიათს იღებდა. დაპირისპირებამ გრიგოლ VII-სა და ჰენრიხ IV-ს შორის პერმანენტული ხასიათი მიიღო, რასაც თან გაუთავებელი სამოქალაქო ომები დაერთო. 
      ქრისტიანულ სამყაროში შექმნილმა ძალაუფლების ვაკუუმმა ევროპაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. სისხლიანი კონფლიქტები ქალაქებს შორის, რაინდების გაუთავებელი თარეში, მოსახლეობის ძარცვა და ყაჩაღობა, ურთიერთქიშპი და კერძო ანგარიშწორება დიდებულთა შორის ევროპულ ცივილიზაციას კრახისკენ მიაქანებდა. 



ჯვაროსნული ომის 

პროპაგანდა და საზოგადოებრივი 

აზრის ფორმირება


        1088 წელს რომის პონტიფიკოსის ტახტზე პაპი ურბან II ავიდა. წარმოშობით ფრანგმა, ოდო დე შატიიონ დე ლაჟერმა, რომელიც გრიგოლ VII პოლიტიკის გამგრძელებელი იყო, პირველი რაც ტახტზე ასვლის შემდეგ თქვა: “ყველაფერი რასაც გრიგოლ VII აკეთებდა მიყვარს და გავაგრძელებ, ყველაფერი რაც სძულდა მას - მძულს მეც” ( Час истины. Выпуск № 487 "Генрих IV Германский король и император. Передача третья". 04.10.2011). 
          ურბან II ბრწყინვალე და გაცილებით უფრო მოქნილი პოლიტიკოსი აღმოჩნდა ვიდრე გრიგოლ VII.  ურბან II კარგად აცნობიერებდა, რომ ევროპაში შექმნილი არასტაბილური ვითარება ვატიკანს უკიდურესად არასახარბიელო სიტუაციაში აგდებდა. ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და ამ ნიადაგზე წარმოქმნილ გაუთავებელ კონფლიქტებში რომელიმე მხარისთვის მხარდაჭერა მეორე მხარის კეთილგანწყობის დაკარგვას ნიშნავდა, რაც დროთა განმავლობაში რომის ისედაც შესუსტებული გავლენის საბოლოოდ დაკარგვას გამოიწვევდა. საჭირო იყო ახალი, გამაერთიანებელი იდეის გენერირება, ამ იდეის ირგვლივ ევროპელების დარაზმვა და მოჭარბებული აგრესიულობის ვექტორის ევროპიდან გატანა, რაც ურბან II-მ შესანიშნავად მოახერხა.
საეკლესიო საბჭო
კლერმონში
         1095 წელს 18-28 ნოემბერს ურბან II-მ საფრანგეთში, ამჟამინდელი ოვერნის რეგიონის ქალაქ კლერმონ-ფერანში საეკლესიო კრება (საბჭო) მოიწვია. კრებაში მონაწილეობის მისაღებად კლერმონში ჩავიდა 14 არქიეპისკოპოსი, 250 ეპისკოპოსი და 400 აბატი. სამღვდელოების გარდა კლერმონში თავი მოიყარა ასობით რაინდმა, აგრეთვე სხვადასხვა ტიტულის მქონე დიდებულმა, რომლებმაც კლერმონის აღმოსავლეთით მდებარე შანტუას (Chantoin) ვაკეზე დასცეს ბანაკი.
ამ კრების მონაწილემ, ფრანგმა მემატიანემ და მღვდელმა ფუშე შარტრელმა (Foucher de Chartres) შემოინახა ურბან II -ის მგზნებარე სიტყვა, რომელმაც მაცხოვრის სახელით ევროპასა და აზიას  შორის საუკუნოვან, დაუნდობელ და ყველაზე სისხლიან შეჯახებას დაუდო საფუძველი. 
პაპი შამპეს მოედანზე
    ასამბლეის მიწურულს, 27 ნოემბერს, კლერმონის საკათედრო ტაძრის მახლობლად, ღია ცის ქვეშ, სავარაუდოდ შამპეს მოედანზე (Place Champet)  პონტიფიკოსმა, სპეციალურად მისთვის და პრელატებისთვის აგებული ტრიბუნიდან ათასობით დამსწრეს მიმართა (Режин Перну - Крестоносцы. Перевод с французского: Карачинский А. Ю. и Малинин Ю. П. СПб.: «Евразия», 2001):
         "სულიერო ძმანნო! ჩვენი დროების აუცილებლობით შეგულიანებული, მე, ურბანი, უფლის ნებით და ხელდასმით, მოციქულის სწორი და მისი ნიშნის მატარებელი, დედამიწის ზედამხედველი, მოვედი თქვენთან, ღმრთისმსახურებთან, როგორც უფლისგან წარმოგზავნილი, რათა გამცნოთ ღვთაებრივი ნება...” 
       ნება უფლისა, რომელიც ურბან მეორემ საეკლესიო კრების მონაწილეებს ამცნო, აღმოსავლეთით მცხოვრები ქრისტიანი ძმების განსაცდელისგან გამოსახსნელად ლაშქრობის დაწყებას წარმოადგენდა. 
პროპაგანდისტული მასალა - როგორ
უსწორდებიან ურჯულოები
მორწმუნეებს
    “თქვენ უკვე არაერთხელ გთხოვეს ამის თაობაზე, რადგანაც რომანიის (ბიზანტია) საზაღვრებში შეიჭრა და თავს დიდი უბედურება დაატეხა სპარსთა თურქულმა ტომმა (თურქ-სელჩუკები), რომლებმაც ხმელთაშუა ზღვას მიაღწიეს, ზუსტად იმ ადგილამდე, რომელიც წმინდა გიორგის სახელად იწოდება (ბოსფორის სრუტე დარდანელამდე). მათ შვიდგზის დაამარცხეს ქრისტიანები ბრძოლაში. იტაცებენ სულ უფრო და უფრო მეტ ქრისტიანულ მიწებს. მრავალნი დახოცეს, ბევრი ტყვედ წაასხეს, ანგრევენ ეკლესიებს და ძარცვავენ ღვთის სამეფოს (იგულისხმება ბიზანტია). და თუ კიდევ დიდხანს იქნებით უმოქმედოთ, მორწმუნეებს უფრო დიდი განსაცდელი ელით. ამას გთხოვთ და გემუდარებით, თქვენ, ქრისტეს მახარობლებს,  და არა მე, არამედ უფალი, რამეთუ თქვენ, დაჟინებით და ყველა შესაძლო გზით დაარწმუნოთ და დაიყოლიოთ ყოველი წოდების ადამიანი, როგორც ცხენოსანი ისე ფეხოსანი, როგორც მდიდარი ისე ღარიბი, რათა აღმოვუჩინოთ დახმარება ჩვენს ქრისტიან ძმებს და განვდევნოთ ეს ბოროტი ხალხი ჩვენი მიწებიდან. მე გეუბნებით ამას აქ დამსწრეთ და გავალებთ აცნობოთ აქ არმყოფთ – ამას ბრძანებს უფალი იესო.”

ინდულგენციის
დოკუმენტი
      პაპმა  წმინდა  ომში  მონაწილეობისაკენ  მოუწოდა ყველას.  მათ შორის ცოდვილებსაც. მათ, ვისაც ბოროტი განზრახვითა და სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით, ერთმანეთს შორის ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული. 
სწორედ კლერმონის კრებაზე, ურბან მეორის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვაში, პირველად ევროპაში ოფიციალურად გაჟღერდა ცოდვების მიტევების პირობა (ინდულგენცია), რომელსაც თავად პონტიფიკოსი იძლეოდა (The Oxford Dictionary of the Christian Church. New York: Oxford University Press. Third Edition edited by E.A. Livingstone 1997, article plenary indulgence, page 1301)
       “...და თუ რომელიმე თქვენთაგანი ან ვინმე იქ გამგზავრებუთაგანი,  დაასრულებს სიცოცხლეს განგმირული სიკვდილისაგან ხმელეთსა თუ ზღვაზე, ანდა წარმართულთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიერიდან მათ მიეტევებათ ცოდვები. ამას ვპირდები მათ, ვინც წავა ლაშქრობაში, რამეთუ ამის უფლება თვით უფლისაგან მაქვს ნაბოძები. დაე, გახდნენ ამიერიდან ქრისტეს მეომრები ისინი, ვინც ადრე იყვნენ მძარცველნი. დაე, იბრძოდნენ სამართლიან ბრძოლაში ბარბაროსების წინააღმდეგ ისინი, ვინც წარსულში საკუთარ ძმათა და ნათესავთა (თანამემამულეთა) წინააღმდეგ მიმართავდნენ მახვილს. დაე, ამიერიდან, მიეცეთ სამარადისო ჯილდო მათ, ვინც ადრე იყვნენ მცირედ საზღაურზე დაქირავებულნი. დაე, ორმაგი პატივის გვირგვინით შეიმკონ ისინი, რომელნიც არ დაიშურებენ საკუთარ სულსა და ხორცს. ისინი ვინც აქ მწუხრსა და სიღარიბეში არიან, იქ სიხარულსა და სიმდიდრეში იქნებიან. აქ უფლის მტრები იქ მის მეგობრებად შეიქმნებიან.”
       პონტიფიკოსის სიტყვებმა არნახული ზემოქმედება მოახდინა მსმენელებზე. ეს იყო წმინდა პროპაგანდისტული გამოსვლა. ყოველი სიტყვა, ფრაზა და წინადადება ღრმად გააზრებული და კარგად მოფიქრებული იყო. მათი ძირითადი ვექტორი მსმენელთა ემოციურ-აფექტურ სფეროზე იყი მიმართული. ოსტატურად იყო გამოყენებული რაციონალური, ფაქტობრივი მომენტები, რომლებსაც კიდევ უფრო უნდა გაემძაფრებინა და უკიდურესად დაეძაბა დამსწრეთა რელიგიურ-ემოციური განცდები. 
         აი, როგორ გადმოსცემს პაპის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს (მიწოდებულ ინფორმაციას) კლერმონის კრების კიდევ ერთი მონაწილე რეიმსელი ბერი რობერტი: “ამ ადამიანებმა დაანგრიეს ჩვენი ეკლესიები, შეურაწყვეს ისინი თავიანთი ველური რიტუალებით, წინდაცვითეს ქრისტიანები, რომელთა სისხლი საკურთხეველსა და წმინდა ფიალებზე იღვრებოდა, ისინი ფატრავენ ტყვეებს, ტკბებიან მათი ტანჯვით, წამებაში კლავენ და სიკვდილის შემდეგ მათ გვამებს უყრიან საჯიჯგნად გარეულ ცხოველებს” (Carol  Sweetenham.  Robert the Monk's History of the First Crusade: The Historia Iherosolimitana. Crusade Texts in Translation. Published by Ashgate Publishing, Limited, Aldershot, UK, 2005).
     პონტიფიკოსის  მიერ  მიწოდებული  ინფორმაცია  თურქ-სელჩუკთა ქმედებების  შესახებ  უკიდურესად  გადაჭარბებული და ჰიპერტროფირებული იყო. მის მიერ აღწერილი აპოკალიპტური ვითარება შორს იყო რეალობისგან. დაბყრობილ ტერიტორიებზე ურჯულოთა მიერ ჩადენილი არაადამიანური საქციელი კარგად გათვლილ პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენდა, რადგან თურქული ტომები ქრისტიანებს გაცილებით უფრო რბილად და შემწყნარებლურად ექცეოდნენ, ვიდრე არაბებს. თურქ-სელჩუკები არაბების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.
ბუნებრივია, რომ XI საუკუნეში წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სოციალური ფსიქოლოგიის კანონზომიერებებზე, სოციალურ განწყობებზე, მითი მოქმედების, შეცვალის ან განმტკიცების კანონზომიერებებზე. მიუხედავად ამისა, კომუნიკაციის პროცესი ინტუიტურად, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად წარიმართებოდა – ყველა ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიის სოციალური განწყობის ასიმილაციის ზონაში ხვდებოდა და მის კიდევ უფრო განმტკიცებას განაპირობებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პონტიფიკოსის გამოსვლა მსმენელთა მოტივაციური სისტემის და მათი წამყვანი მოტივების დაკმაყოფილებებზე იყო ორიენტირებული.
           ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პაპის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამიზნული იყო არა მხოლოდ საეკლესიო კრების მონაწილეებისადმი, არამედ მთელი ევროპისათვის. განსაკუთრებით   საინტერესოა გამოსვლის ის ნაწილია, სადაც პონტიფიკოსი საეკლესიო კრების მონაწილეებს დავალებას აძლევს: “მე გეუბნებით ამას აქ დამსწრეთ და გავალებთ აცნობოთ აქ არმყოფთ – ამას ბრძანებს უფალი იესო.” 
         სქემა, რომლის საშუალებითაც ურბან II ავრცელებს ინფორმაციას ძალიან წააგავს ლაზარსფელდის “კომუნიკაციის ორსაფეხურიან მოდელს”, რადგან კლერმონის საეკლესიო კრების მონაწილეები: მღვდელთმთავრები, საეკლესიო პირები, დიდებულები, რაინდები და პილიგრიმები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან აზრის ლიდერების როლში გამოდიოდნენ, რომლებსაც პაპისგან მიღებული ინფორმაცია შესაბამის სამიზნე ჯგუფებში უნდა გაევრცელებინათ.
       და ბოლოს, პაპის, და შესაბამისად, ვატიკანის ძირითად მიზანს ევროპული კრიზისისგან ყურადღების გადატანა წარმოადგენდა. 
    ურბან II–ის მოწოდება, ჯვარითა და ხმლით აღმოსავლეთის დალაშქვრისაკენ, დასავლეთის ქრისტიანებმა სახელმძღვანელოდ მიიღეს და 1096 წლის ზაფხულიდან მოყოლებული 60 ათასიდან 100 ათასამდე ქრისტიანმა, რომელთა შორის გარდა მამაკაცებისა, იყვნენ ქალები და ბავშვები, დაფარეს 4000 კილომეტრზე მეტი მანძილი, ერთადერთი მიზნით – მიეღწიათ იერუსალიმამდე. ასე ჩაეყარა საფუძველი “ჯვაროსნულ ომებს”, რომლებიც თითქმის ორი საუკუნის მანძილზე გაგრძელდა.




Комментариев нет:

Отправить комментарий