თანამედროვე PR-ის, რეკლამისა და პროპაგანდის ისტორიული წანამძღვრები ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ იკითხება ძველი რომის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ურთიერთობებში (განსაკუთრებით გვიანდელი პერიოდის რომის რესპუბლიკაში).
ამ პერიოდის რომაელი პოლიტიკოსები იძულებულნი იყვნენ ანგარიში გაეწიათ თავისუფალ მოქალაქეთა ფენისთვის, რომელთა კეთილგანწყობაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მათი პოლიტიკური კარიერა.
აქედან გამომდინარე, ისინი დიდ ყურადღებას აქცევდნენ კომუნიკაციურ პროცესს და ამ პროცესში მოქალაქეების დარწმუნებას, მათი კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოპოვებას.
რომაელთა პოლიტიკურ ლექსიკაში ვხვდებით იმგვარ იდეებს და დასკვნებს, რომელებიც აშკარად მიანიშნებენ, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხს იმ ეპოქაში არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე დღევანდელ დღეს.
მართალია, ტერმინს “საზოგადოებრივი აზრი” რომაელები არ იყენებდნენ, მაგრამ
ცნობილი ლათინური გამონათქვამის “vox populi - vox dei” (“ხმა ღვთისა და
ხმა ერისა”) პირველ ნაწილში (vox populi), აშკარად საზოგადოებრივი აზრი
იგულისხმება.
ღმერთსა და ერს შორის ტოლობის ნიშნის დასმა იმაზე მიუთითებს, რომ ამგვარი ღირებულებითი ორიენტაცია ერთგვარ სოციალურ-ფსიქოლოგიურ მექანიზმს წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო ღვთაებრივი ქარიზმატულობა მინიჭებოდა ერის, ხალხის ან საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის მიერ არჩეულ ტრიბუნს, სენატორს, კონსულს და ა.შ.
რომაელები ფლობდნენ ინფორმაციის გავრცელების მრავალფეროვან არსენალს. მათ შორის როგორც ზეპირსიტყვიერს ასევე წერილობითს. არსებობდა ინფორმაციის გავრცელების კარგად ორგანიზებული და განშტოებული სისტემა.
სახალხო კრების გადაწყვეტილებები, სენატზე გატანილი კანონები, კონსულებისა და ტრიბუნების გადაწყვეტილებები და სხვა ოფიციალური ინფორმაცია საყოველთაო წაკითხვისათვის, რომის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში სპეციუალურად დადგმულ, გიფსით დაფარულ დაფებზე თავსდებოდა.
მაცნე (ბრუნო ჰელერის გახმაურებული სერიალიდან "რომი") |
ასევე გამიყენებოდა ინფორმაციის ზეპირსიტყვიერად გავრცელების ხერხიც. არსებობდა ე.წ. მაცნის პროფესია, რომელიც სხვა და სხვა ცნობებს ხალხმრავალ ადგილებში ხმამაღლა გაჰყვიეოდა. მაცნეების საშუალებით ვრცელდებოდა არა მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ასევე სარეკლამო შინაარსის ცნობები და განცხადებები. აღსანიშნავია, რომ მაცნეები ხშირად აქტიურად იყვნენ ჩართულნი არმიაში მოხალისეების რეკრუტირების პროცესში.
პაპირუსის გრაგნილი |
ინფორმაციის პროვინციებში გასავრცელებლად გამოიყენებოდა პაპირუსის გრაგნილები, რომლებსაც სპეციალურ ლუქს უკეთებდნენ და დანიშნულებისამებრ აგზავნიდნენ. ასე, რომ დედაქალაქში მიღებული ყველა სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური გადაწყვეტილება პროვინციელ ჩინოვნიკებსა და დიდებულებს შეუფერხებლად მიეწოდებოდა.
რომაული ალბუმსები |
გლადიატორთა ორთაბრძოლის "სარეკლამო" გრაფიტი |
სახელმწიფო მოხელეების ინფორმირების პარალელურად, ძველ რომში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა თავად მოქალაქეების ინფორმირებასაც, რისთვისაც შენდებოდა სპეციალური კედლები, რომლებსაც კირით ათეთრებდნენ და თანაბარი ზომის მართკუთხედებად, ალბუმსებად (ალბომი) ყოფდნენ. ამ “ალბომებში” კი ნახშირით იწერებოდა სხადასხვა სახის განცხადებები.
ფართოდ იყო გავრცელებული
კერძო "სარეკლამო" განცხადებებიც, მათ გრაფიტების სახით აკეთებდნენ (ანთავსებდნენ) სახლის კედლებზე. თუმცა ამისათვის აუცილებელი იყო მონიციპალიტეტის ნებართვა და შესაბამისი თანხის გადახდა. ცნობები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: პოლიტიკური ლიდერების თვისებებით დაწყებული და გლადიატორთა ბროძელებით დამთავრებული (http://hawot-reklama.blogspot.com/2007/11/blog-post_29.html).
ასობით კედლის წარწერა, ე.წ. გრაფიტი იქნა აღმოჩენილი ქ. პომპეიში, რომლებიც ბუნებრივად დააფიქსირა და დაკონსერვა ჩვ.წ. 76 წელის 24 აგვისტოს ვეზუვიდან ამოფრქვეულმა ლავამ და ვულკანურმა ფერფლმა.
ვეზუვის ამოფრქვევამდე რამდენიმე თვით ადრე (მარტში) პომპეიში არჩევნები ჩატარდა. ამიტომ იმ წელს წარიმართა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია. მოქალაქეებს უნდა აერჩიათ მუნიციპალური ადმინისტრაციის ორი ხელმძღვანელი (Duumviri) და ორი ედილი, (ევალებოდათ საზოგადოებრივი შენობების, ტაძრების, გზების მშენებლობაზე ზედამხედველობა და მათი მოვლა-პატრონობა, აგრეთვე რელიგიური დღესასწაულების და თამაშობების ჩატარება). დუუმვირის ადგილზე კენჭს იყრიდა ოთხი, ხოლო ედილის თანამდებობაზე ექვსი კანდიდატი. აქედან გამომდინარე, ვულკანის ამოფრქვევის დღეს ქალაქში მრავლად იყო შემორჩენილი წინასაარჩევნო სააგიტაციო შინაარსის გრაფიტიები.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ პომპეიში აღმოაჩინეს მეტად საინტერესო წარწერა, რომლის ავტორი მოუწოდებს თანაქალაქელებს ხმა მისცენ წესიერ, პატიოსან და პატივსაცემ ადამიანს, სენატორ მარკუს პუბლიუს ფურიუსს. წინასაარჩევნო აგიტაციის ტექსტი ასე გამოიუურება: “მე გარწმუნებთ, რომ ის კარგი ადამიანია და ღირს მისთვის არჩევნებზე ხმის მიცემა...”
ძველ რომში გამოიცემოდა თანამედროვე გაზეთის ორი პროტოტიპი: Acta Senatus (სენატის აქტები) და Acta Diurna (ყოველდღიური აქტები).
Acta Senatus წარმოადგენდა სენატის “ბიულეტენს”, რომელშიც იწერებოდა სენატის დადგენილებები, კანონები, მონიციპალური და სამხედრო სიახლეები. გამოცემის თავდაპირველი ვარიანტი ფართო მასების მოხმარებისთვის არ ყოფილა განკუთვნილი. თუმცა, ჩვ.წ. 59 წელს, იულიუს კეისარმა მოახდინა მისი განსაჯაროება და ხელმისაწვდომი გახადა რომის ყველა მოქალაქისთვის. მოგვიანებით, იმპერატორმა ავგუსტუსმა მართალია შეინარჩუნა გამოცემა, მაგრამ Acta Senatus საჯარო გამოქვეყნება აკრძალა. ავგუსტუსის მემკვიდრემ ტიბერიუსმა პრაქტიკულად გააუქმა Acta Senatus, რომელიც სენატის “ბიულეტენების” სახით მხოლოდ იმპერიის არქივებსა და საჯარო ბიბლიოთეკებში გახდა ხელმისაწვდომი, ისიც სპეციალური საშვებით.
Acta Diurna (Acta diurna populi Romani) - “რომაელი ხალხის ყოველდღიური საქმეები” იულის კეისარის ინიციატივით შეიქმნა, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციის გარდა განთავსებული იყო რომის ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკები. იგი თეთრი თაბაშირით დამუშავებულ ხის ფირფიტებზე შავი საღებავით დაწერილი ტექსტების სახით "გამოიცემოდა". აბრების მსგავსი ეს ხის ფირფიტები ხალხმრავალ ადგილებში იფინებოდა (ჯ. უფლისაშვილი, მ. ყიფშიძე - ბეჭდვითი რეკლამა. საგამომცემლო სახლი "ტექნიკური უნივერსიტეტი", თბილისი, 2009). Acta Diurna აქვეყნებდა ვაჭრობასთან, მოსავალთან, მშენებლობებთან, ამინდთან, კატასტროფებთან, სანახაობებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს.
მოგვიანებით, იმპერიული ცენზურის ზეგავლენით ამ გამოცემამაც განიცადა სახეცვლილება - ამოღებულ იქნა სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციები და დარჩა მხოლოდ რომის ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკები. ამ სახით გამოცემამ დედაქალაქის კონსტანტინეპოლში გადატანამდე გასტანა.
ორივე ეს გამოცემა რომის ხალხმრავალ ადგილებში: ფორუმთან, სენატთან, ტაძრებთან, ბაზრებთან არსებულ სპეციალურ დაფებზე გამოიფინებოდა.
შავი PR-ი ძველ რომში
რომაელი პოლიტიკოსები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების დიდოსტატები იყვნენ და წარმატებით იყენებდნენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციის გავრცელების ყველა საშუალებას.
საკუთარი მიზნების მისაღწევად, ისინი ხშირად მიმართავდნენ ე.წ. შავი PR – ის ელემენტებსაც, მათ არსენალში ჰქონდათ კარგად აპრობილებული, ინფორმაციის გავრცელების არალეგალური მეთოდები. მათ შორის ყველაზე ეფექტუეი იყო მოსყიდული მოქალაქეების (ვაჭრები, “ქუჩის ავტორიტეტები”, ტავერნების მფლობელები და პერსონალი, მეძავები და ა.შ.) მიერ ჭორების გავრცელება.
შავი PR – ის კლასიკური ნიმუშია ჩვ.წ. 133 წელს ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსის წინააღმდეგ სენატისა და რომაელი დიდებულების მიერ აგორებული კამპანია.
მცირეოდენი ექსკურსი იმდროინდელი რომის ისტორიაში უფრო ნათლად წარმოაჩენს ზემოთხსენებული კამპანიის მიზნებს, ამოცანებს, გამოყენებულ ხერხებს (ტექნოლოგიას) და შედეგებს.
ტიბერიუს გრაკხუსმა რომის კონსულთან და არმიის მთავარსარდალთან კორნელიუს სციპიონ ემილიანუს უმცროსთან (Scipio Africanus the Younger) ერთად მესამე პონიკური ომის დროს საბოლოოდ დალაშქრა კართაგენი. ჩვ.წ. 146 წელს რომის ლეგიონები შტურმით შეიჭრნენ კართაგენიში. ექვსდღიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ ქალაქი დაეცა. რომაელებმა მიწასთან გაასწორეს უძველესი ცივილიზაციის ქალაქი. კართაგენის ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლეობიდან ცოცხალი მხოლოდ 50 000 ადამიანი გადარჩა, რომლებიც მონებად გაყიდეს (Theodor Mommsen - The History of Rome (Volumes 1-5), BOOK IV: The Revolution. March 16, 2005. eBook #10706)
ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსი |
კორნელიუს სციპიონ ემილიანუსი |
კართაგენის შტურმი |
კართაგენის შემდეგ გრაკხუსი, ესპანეთში, ნუმანციაში აჯანყებულ კელტ-იბერულ ტომთა დასალაშქრად გამგზავრებულ კონსულ გაიუს მანციუსის არმიას შეუერთდა და კონსულის კვესტორის (თანაშემწის) პოსტი დაიკავა. ესპანეთის სამხედრო კამპანიის დროს რომის პროვინციებში მოგზაურობისას გრაკხუსმა უზარმაზარი გაუკაცრიელებული და დაუმუშავებელი მიწები, გაღატაკებული, უმიწოდ დარჩენილი, გადაშენების პირას მყოფი მიწათმოქმედთა ფენა ნახა რომელთა ადგილს მიწათმფლობელთა მიერ ნაყიდი კართაგენელი მონები იკავებდნენ. ამ პერიოდიდან იწყება გრკხუსის დაინტერესება მიწის რეფორმის საკითხით, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ესპანეთიდან დაბრუნებულმა გრაკხუსმა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო და მიზნად მიწის რეფორმის განხორციელება დაისახა. ის ყოფილ თანამებრძოლებს და რომის ყველა მოქალაქეს მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდა.
ამ ტალღაზე გრაკხუსმა არნახულ პოპულარობას მიაღწია. ჩვ.წ. 134 წლს რომაელებმა გრაკხუსი ტრიბუნად აირჩიეს. არჩევისთანავაე მან სენატში შეიტანა მიწის გადანაწილების კანონპროექტი "Lex Agraria", რომელიც ითვალისწინებდა დიდი ლატიფუნდიებისთვის მიწის ზომებზე შეზღუდვების დაწესებას, ჭარბი მიწების ნაკვეთების ჩამოჭრას და მათ თავისუფალ მოქალაქეებზე ხელახალ გადანაწილებას.
კანოპროექტმა დიდი ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია რომის არისტოკრატიულ წრეებში, მსხვილ მიწათმფლობელებში და სენატში. კანონის წინააღმდეგ გაილაშქრა რომის მთელმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა (მხარს უჭერდა მხოლოდ ყოფილი კონსული, იმჟამინდელი ცენზორი და სენატის პრიცეპსი, აპიუს კლავდიუს პულხერი). გრაკხუსმა, მიუხედავად იმისა, რომ სენატმა კანონს მხარი არ დაუჭირა, როგორც ტრიბუნმა კანონი კომიციაზე (სახალხო კრება) გაიტანა. კრებაში მონაწილე ტრიბუნთაგან ერთ-ერთმა, ანტონიუსმა კანონს ვეტო დაადო და კენჭისყრის პროცესი ჩაშალა. ვეტოს დადების შემდეგ, გრაკხუსმა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ კომიციას უამრავი მოქალაქე ესწრებოდა, რომლებიც მისი გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ და კენჭისყრაზე ტრიბუნ ანტონიუსის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დააყენა. კომიციამ დააკმაყოფილა გრაკხუსის წინადადება და ტრიბუნი გადააყენა რის შემდეგაც კენჭი ეყარა თავად კანონს, რომელიც უპრებლემოდ გავიდა.
კომიციაზე კანონის დამტკიცების შემდეგ გრაკხუსმა აგრარული კომისია შექმნა, რომელსაც ახალი იდეების რეალიზაცია უნდა მოეხდინა.
სენატმა და მსხვილმა მიწათმფლობელებმა უმძიმესი დარტყმა მიიღეს. რეფორმის შესაჩერებლად არსებული ყველა ლეგალური გზა ამოიწურა. დარჩა ერთადერთი - გრაკხუსის ფიზიკური ლიკვიდაცია, მაგრამ ტრიბუნს ხალხში და არმიაში ისეთი მხარდაჭერა ჰქონდა, რომ მის მკვლელობას დიდი მღელვარება და შესაძლოა სამოქალაქო ომიც კი გამოეწვია.
საჭირო იყო მისი პოპულარობის ნეიტრალიზაცია და "Vox populi"-ის, თანამედროვე ტერმინოლოგიით საზოგადოებრივი აზრირი ტრიბუნის საწინააღმდეგოდ შეტრიალება.
გრაკხუსის მოწინააღმდეგეებმა ბინძური PR კამპანია ააგორეს. კამპანიის სულისჩამდგმელმა ექს-კონსულმა და ექს-ტრიბუნმა, უმაღლესმა პონტიფიკმა და სენატორმა, პუბლიუს კორნელიუს ნაზიკამ (Publius Cornelius Scipio Nasica Serapio) შექმნა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც გრაკხუსი რომის ხალხზე კი არ ზრუნავდა, არამედ ყველაფერს იმისათვის აკეთებდა, რომ ხელისუფლების უზურპაცია მოეხდინა, მართვის რესპუბლიკური ფორმა მონარქიით შეეცვალა და თავი ხელმწიფედ გამოეცხადებინა (Ancient Rome: The Rise and Fall of an Empire - Revolution. BBC 2006. By Christopher Spencer).
რომაელი ყასბები |
რომაელი ხელოსნები |
რელიგიურ მოღვაწეთა კოლეგია |
ნაზიკამ და მისმა მხარდამჭერმა ლეგენდის გავრცელების სამიზნედ პირველ ეტაპზე რომის პოლიტიკური წრეები, რომაელი დიდებულები და არისტოკრატიული ოჯახები შეარჩიეს. მომდევნო ეტაპზე, მაგისტრების საშუალებით, დაიწყო ჭორების გავრცელება კოლეგიებში (საზოგადოებრივი ორგანიზაციები). განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდ რელიგიურ მოღვაწეთა, ხელოსანთა და ვაჭართა კოლეგიებზე. ბოლოს კი ინფორმაციული იერიში ყველა თავისუფალ მოქალაქეზე მიიტანეს.
შედეგმა არ დააყოვნა - გრაკხუსის პოპულარობამ სწრაფად დაიწყო ვარდნა. ამას დაემატა ისიც, რომ სენატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრაკხუსს ტრიბუნის ვადის ამოწურვისა და იმუნიტეტის დაკარგვისთანავე, სენატი მოღალატედ გამოაცხადებდა და სიკვდილო განაჩენს გამოუტანდა.
კარგად დაგეგმილ და ორგანიზებულ PR კამპანიას არაერთი რომის მოქალაქე წამოეგო. მართვის რესპუბლიკური ფორმა მათთვის წმიდათა წმინდა რამ იყო. ამიტომ გრაკხუსის წინააღმდეგ აგორებულმა ჭორებმა ხალხის დიდი ნაწილი მის წინააღმდეგ განაწყო. რომი პრაქტიკულად ორად გაიყო. გრაკხუსის მოწინააღმდეგეებმა მისი ფიტულების დაწვა დაიწყეს.
ვნებათაღელვამ კულმინაციას სახალხო ტრიბუნის ვადის ამოწურვის დღეს მიაღწია. გრაკხუსმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და მეორე ვადით დააყენა კანდიდატურა სახალხო ტრიბუნის პოსტზე.
არჩევნების დღეს გრაკხუსი მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან ერთად კაპიტოლიუმის ბორცვზე, მარსის ტაძართან მივიდა, სადაც კომიცია უნდა ჩატარებულიყო. იქვე მახლობლად ერდგულების ქალღმერთის (ფიდეს) ტაძარში სენტორები შეიკრიბნენ (Аппиан. Гражданские войны. Книга I. Пер. под ред. С. А. Жебелева. ОГИЗ, Государственное социально-экономическое издательство, Ленинградское отделение, 1935).
იუპიტერის ტაძართან გრაკხუსს ოვაციებით შეეგებნენ. კომიციის დაწყების წინ გრაკხუსს აცნობეს, რომ სენატორების შეიარაღებული მხარდაჭერები მასძე თავდასხმას აპირებდნენ. გრაკხუსმა თავის მომხრეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ მხოლოდ მას შემდეგ ემოქმედათ, როცა ის მათ ნიშნს მისცემდა.
ნიშანი ხელის თავთან მიტანა უნდა ყოფილიყო. ამ ნიშნის დემონსტრირების მიზნით გრაკხუსმა ხელი რამდენჯერმე თავთან მიიტანა. სენატში ეს ჟესტი სხვაგვარად იქნა ინტერპრეტირებული:
“კომიციიდან გვაცნობეს, რომ გრაკხუსი მეფის გვირგვინის მოტანას და თავზე დადგმას მოითხოვს... ვისაც გსურთ რესპუბლიკის გადარჩენა მომყევით!” - მიმართა ფიდეს ტაძარში შეკრებილ სენატორებს სციპიონ ნაზიკამ (Оскар Йегер - Всемирная история. Том 1. Древний мир. Книга VII - Век Римских междоусобных войн. Глава 1. Начало гражданских смут в Риме, вызванных попытками реформ Тиберия Семпрония и Гая Семпрония Гракхов. Гибель Гракха. Москва, АСТ, Полигон, 2001).
გააფრთებული სენატორები ფიდეს ტაძრიდან გამოცვივდნენ და სახალხო კრებისკენ გაემართნენ. გრაკხუსის მომხრეები შედრკნენ. მათ პირისპირ აღმჩნდნენ მომქმედი და ყოფილი სენატორები, ედილები, ტრიბუნები, პრეტორები, კონსულები და ცენზორები. უძველეს პატრიაცათა ოჯახების ვალერიუსების, ჰორაციუსების, სციპიონების, ფაბიუსების წარმომადგენლები, რომლებშიც განსახიერებული იყო რომის დიდება და ძლევამოსილება. არისტოკრატიის შარავანდედით დათრგუნული რევოლუციონერების დიდი ნაწილი წინააღმდეგობის გარეშე გაიქცა. მცირეოდენ მომხრეებთან ერთად უმნიშვნელო შხლა შემოხლის შემდეგ გრაკხუსმა გაგცევა სცადა, მაგრამ სენატორებმა ტიბერიუსი და მისი მომხრეები ალყაში მოაქციეს. ტოგაშემოხეულ (მამაკაცის ტრადიციული რომაული სამოსი) და ძირს დაცემულ გრაკხუსს, რომელიც წამოდგომას ცდილობდა, მისმა კოლეგამ, ტრიბუნმა პუბლიუს სატურეიუსმა (Publius Satureius) თავში სკამის ფეხი ჩაარტყა. ამას ლუციუს რუფუსის მეორე დარტყმა მოჰყვა. გონებადაკატგული გრაკხუსი უმოწყალოდ ჩაქოლეს (Плутарх. Сравнительные жизнеописания в двух томах, М.: Издательство «Наука», 1994).
Комментариев нет:
Отправить комментарий